ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 18.09.2018
ნანახია: 771

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად კვლავ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, შესაბამისად, მოვითხოვთ მის პატიმრობაში დარჩენას რაც სასამართლომ გაითვალისწინა", - განაცხადა საქმის პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს რომ მორჩაძე გავლენას ახდენდა მოწმეებზე. 

მორჩაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით კი, სასამართლოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა.

"რეალურად სასამართლოს არ უმსჯელია თუნდაც, იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. 

თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას შეცვლოს. ამასთან, დაცვის მხარე მზად ვართ მორჩაძის უდანაშაულობა დავამტკიცოთ", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, მერაბ მორჩაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. წინასასამართლო სხდომა 27 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

მერაბ მორჩაძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე