არც ერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან, დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი - მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 12:28 | 17.09.2018
ნანახია: 735

მეუფე იაკობმა ხელისუფლება კანაფის წარმოება-ექსპორტის საკითხის დაყენების გამო მწვავედ გააკრიტიკა.

მისი თქმით, 2012 წელს ვერც კი წარმოიდგენდა თუ „ქართული ოცნება" ამ მდგომარეობამდე მივიდოდა. მეუფე იაკობმა ქადაგებით მრევლს ბოდბის მონასტრიდან მიმართა.

„ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება, სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ, მაგრამ ახლა ძირითადად, 2016-დან ვერ ვცნობ, ვინც არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, გეუბნებით რა, სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე იყო, უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, ქართველი ერი სხვანაირია. შეითქმევა ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს,“ - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობმა მთავრობის წარმომადგენლებს გონიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შს მინისტრმა უნდა გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია, რადგან ქვეყანას ძლიერი პოლიცია სჭირდება. მეუფის თქმით, აქამდე სამართალდამცავები ნარკობარიგებსებრძოდნენ და ახლა ამ ინიციატივით ყველაფერი შეიცვლება.

„შს მინისტრს ვიცნობ და ჭკვიანი კაცია და მე მინდა, მივმართო მას, ის არის პოლიციის სახე დღესდღეობით. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდლამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცავები, რასაც ებრძოდნენ ახლა თვითონ რომ მაგი გააკეთონ, თვითონ პოლიციაში რა ავტორიტეტი ექნებათ, აბა გადახედონ, უბრალოდ ამას გულის ტკივილით ვამბობ, დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას, იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან და გადახედონ და შეხედონ, რამდენი გაჰყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი ხელისუფლებას მასშტაბური აქციებით ემუქრება.

„ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. პარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ, დღეს არ ვიცი, რამდენი არის დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება, ნუ დაუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ, ჩვენ ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს, ვიქნებით იქ. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. არაფერზე, არც ერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი,  ბევრი მოდის და ბევრი გვეუბნება, ოჯახიდან ბევრი გამოვალთო, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურება გაგრძელდება, ასი ათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ - არ უნდათ, დაიხევენ უკან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე