ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 14.09.2018
ნანახია: 801

საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. 

ინფორმაციას თავად ყიფიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს", - წერს ყიფიანი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.

ჩანაწერში, რომელსაც „კურიერი“ ავრცელებს, ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

„რუსთავი 2“-ის მტკიცებით, აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.

ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.

მათივე ცნობით, ირკვევა, რომ ყიფიანი ოქუაშვილთან წინადადებათა პაკეტით ხელისუფლების სახელით არის მისული.

რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს.

აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე