გორის მერიის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 15:00 | 14.09.2018
ნანახია: 848

გორის მერიის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის შენობისკენ თორნიკე მერებაშვილის ოჯახის მხარდამჭერები მიემართებიან.

მათი თქმით, ისინი გორის ცენტრში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე თორნიკე მერებაშვილის ოჯახს სოლიდარობას გამოუცხადებენ. მათივე განცხადებით, მათ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს. გზის გადაკეტვას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და პოლიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე