"საქართველოს დარაჯებთან" დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:26 | 13.09.2018
ნანახია: 821

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაჯგუფება გამოჩნდა, რომლის წევრებიც ქალაქის ქუჩებში უცხოელებს აჩერებენ და დოკუმენტებს უმოწმებენ.

თვითმხილველის ინფორმაციით, ისინი მანქანით გადაადგილდებიან, რომელსაც "საქართველოს დარაჯები" აწერია.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაჯგუფების წევრები ქუჩაში უცხოელებს, ძირითად კი, არაბებსა და ფერადკანიანებს აჩერებენ და მათ დოკუმენტების ჩვენებას სთხოვენ. ასევე, სიტყვიერადაც უპირისპირდებიან.

ერთ-ერთი თვითმხილველი ასევე ამბობს, რომ ისინი იარაღით გადაადგილდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. "საქართველოს დარაჯებთან" დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას ან ხელმძღვანელობას ან/და მასში მონაწილეობა გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე