ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 11.09.2018
ნანახია: 688

გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული სამი არასრულწლოვნიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმე რჩება.

10 წლის ბავშვს, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული,  თავის ტვინი აქვს დაზიანებული.

„პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იმ მომენტში, როცა მოხდა გულის გაჩერება, სამედიცინო ჩარევამდე გაურკვეველი, მაგრამ დიდი დროა გასული და არის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, ანუ ჟანგბადის ნაკლებობით დაზიანება. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ამ წუთას პაციენტი კომაშია და დაკვირვების ქვეშაა. აქვს მენჯის ძვლის მოტეხილობა და ფილტვის დაჟეჟილობა, ასპირაცია. თუმცა, ეს არაა აქტუალური. ამ კუთხით კონტროლდება პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, გულის მუშაობა აღდგენილია, მაგრამ თავის ტვინის დაზიანება რამდენად შექცევადია ან შეუქცევადია, ამას დრო გვიჩვენებს. ოპერაცია არ სჭირდება. ქირურგიული ჩარევა მისი მძიმე მდგომარეობის გამო არ გადადებულა“, – განაცხადა “ევექსის“ კლინიკის რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ რთველიშვილმა.

შედარებით მსუბუქია კიდევ ორი მოზარდის მდგომარეობა, თუმცა მათგან ერთს, ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

უბედური შემთხვევა გუშინ გარდაბნის გზატკეცილზე მოხდა. ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საყრდენი კედელი ჩამოიშალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე