ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, სარალიძის მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომის თაობაზე გადამეტებულია - დავით მათიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:16 | 11.09.2018
ნანახია: 673

ზაზა სარალიძის მიმართ დიდი პატივისცემისა და ხორავას ქუჩაზე დატრიალებული დიდი ტრაგედიის მიუხედავად, მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომის თაობაზე გადამეტებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნლისტებს ზაზა სარალიძის მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.

„საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება იყო აბსოლუტურად ღია და გახსნილი ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდებოდა. ხელისუფლებამ გააკეთა და აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. არ შეიძლება ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ჩვენ ყველანი ვართ ზაზა სარალიძის თანამოაზრე იმ ნაწილში, რომ გვსურს ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რისთვისაც სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა და კომისიაში უმრავლესობის ფუნქცია საპარლამენტო უმცირესობას გადაეცა. ჯერ კიდევ წინ არის სასამართლო პროცესი ამ საქმეზე და ასევე საქმის კონკრეტულ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძემ აქციები განაახლა. ის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე