ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის მირზა ჩიჩუას ოჯახს ფინანსური დახმარება გაეწია - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 10.09.2018
ნანახია: 1541

მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტრომ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არგაცემის მიზნით, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, მირზა ჩიჩუას ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 8 750 ლარის ოდენობით.

„თავდაცვის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით აზუსტებს, რომ 2018 წლის 9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება შპს „უნიმედი სამცხეში“ გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურის, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას ოჯახს, კონკრეტულად მის მეუღლეს (მარი ახვლედიანს) თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 2018 წლის 12 ივლისს გაეწია ფინანსური დახმარება 8 750 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყებამ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არგაცემის მიზნით, გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. არც დასკვნის გაცემა და არც საქმის გამოძიება არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას“, - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე