განზრახ მკვლელობისათვის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 07.09.2018
ნანახია: 743

2018 წლის 7 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ბრალდებულ ნ. ქ.-ს მიმართ და მას განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება-გასაღებისათვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს. 

"საქმის არსებითად განხილვისას სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურდა ნ. ქ.-ს მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა.
საქმე ეხება, 2017 წლის 29 დეკემბერს, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, სუფრაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებას, რა დროსაც არასრულწლოვანი თვითმხილველი მოწმეების თანდასწრებით, შურისძიების მოტივით, ნ.ქ.-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით, დამიზნებით ესროლა დ. ტ.-ს. ბრალდებულმა დაჭრილს მეორედაც ესროლა, რა დროსაც ეს უკანასკნელი ძირს დაეცა, რის შემდეგადაც ნ.ქ.-მ აიღო დანა და წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ყელისა და ტანის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ტ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გვამი მდინარე მტკვართან ხევში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე საღამოს, ნ.ქ. მეგობრებთან ერთად ხევში ჩავიდა და ერთ-ერთი მეგობრის დახმარებით, გვამი გადამალვის მიზნით მდინარე მტკვარში გადააგდო.
2018 წლის იანვრის დასაწყისში ბრალდებულმა, რომელიც დ.ტ.-ს მკვლელობის იარაღს ჩანთით ატარებდა, ცეცხლსასროლი იარაღი მეგობარს მიუტანა და მოახდინა მისი გასაღება. 2018 წლის 9 იანვარს, სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ბრალდებულის მეგობრის საცხოვრებელის სახის სარდაფიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ნ. ქ. დამნაშავედ ცნო ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაში და მას დანაშაულთა ერთობლიობითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ნ.ქ.-ს დანაშაულებრივი ქმედების უშუალო შემსწრე და მომხდარის თაობაზე ინფორმაციის მქონე არაერთი პირი მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვისათვის", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე