ბრაზილიაში პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო მიტინგის დროს დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 07.09.2018
ნანახია: 647

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟაირ ბოლსონარუ წინასაარჩევნო მიტინგის დროს დანით დაჭრეს. ინციდენტი ქალაქ ჟუის დი ფორაში მოხდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, ბოლსონარუ, რომელიც ჯავშანჟილეტის გარეშე მომხრეებს ესაუბრება, რა დროსაც მუცელზე ხელს იჭერს და მხედველობის არედან ქრება.  

პოლიტიკოსის შვილის თქმით, ჭრილობა ზედაპირულია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჟაირ ბოლსონარუ ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ფლავიუ ბოლსონარუმ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მამამისის ჭრილობა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, საპრეზიდენტო კანდიდატს დაუზიანდა ღვიძლი და ფილტვები. მან ბევრი სისხლი დაკარგა და ფაქტობრივად სიკვდილის პირას აღმოჩნდა, თუმცა ექიმებმა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლეს.

ბოლსონარუ  პოპულარობის მხრივ მეორე კანდიდატია ექს-პრეზიდენტ ლულა და სილვას შემდეგ, რომელსაც სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

პოლიტიკოსი ცნობილია უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებებით, ასევე ნაციონალისტური, რასისტული, ჰომოფობიური და სექსისტური გამონათქვამებით.

ბრაზილიაში პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში იმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე