"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის გამო ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა თანამდებობები დატოვეს

საქართველო, თბილისი - 16:40 | 25.07.2018
ნანახია: 825

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ, ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტარიელ აროშიძემ თანამდებობები დატოვეს.

ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„2018 წლის 15 ივნისს საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო, ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინციდენტში მონაწილე ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა“, – განაცხადა დავით დარჩიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის შეფასებით, მმართველმა პარტიამ დღევანდელი ბრიფინგით აღიარა მის მიმართ ჩადენილი ძალადობა. იგი მიიჩნევს, რომ რეაგირება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე