40 წლის წინ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 25.07.2018
ნანახია: 1299

40 წლის წინ - 1978 წელს ინგლისის ქალაქ ოლდემში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა.

დღეს ინ ვიტრო განაყოფიერება უკვე კარგად ნაცნობი და შემუშავებული სამედიცინო პროცედურაა. 40 წლის წინ კი ეს მეთოდი ნამდვილი სენსაცია იყო.

ჯონ და ლესლი ბრაუნები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ბავშვის გაჩენას, მაგრამ უშედეგოდ. მათ გადაწყვიტეს ექსპერიმენტალური მეთოდისთვის -ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მიემართათ, რომელიც ბრიტანელმა მეცნიერებმა რობერტ ედვარდსმა და პატრიკ სტეპტოუნმა შეიმუშავეს.

ექსპერიმენტის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 1978 წლის 25 ივლისს ლესლი ბრაუნს ქალიშვილი შეეძინა, რომელიც 2,61 კგ-ს იწონიდა. ახალშობილს ლუიზა ჯოი დაარქვეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბრაუნებმა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურას ისევ მიმართეს, ქვეყნიერებას მოევლინა მათი უმცროსი ქალიშვილი - ნატალი. ის მე-40 „სინჯარის ბავშვი“ გახდა.

2010 წელს რობერტ ედვარდსი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. მისმა კოლეგამ პატრიკ სტეპტოუმ  ამ აღიარებამდე ვერ იცოცხლა, ის 1988 წელს გარდაიცვალა.

დღეს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა მსოფლიოს უამრავ უშვილო წყვილს აბედნიერებს. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი რელიგიური ადამიანი და სასულიერო პირი ამ პროცედურას არ მიესალმება, „სინჯარის ბავშვების“ რიცხვი დღითიდღე იზრდება და მათი რაოდენობა უკვე 5 000 000-ს შეადგენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე