ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს ალიანსში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას - სენატორი ბენ კარდინი

საქართველო, თბილისი - 17:08 | 18.07.2018
ნანახია: 690

მოხარული ვარ, რომ ნატო-ს გასული კვირის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება, რაც საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ისახავს მიზნად. მიუხედავად გარკვეული მომენტებისა, ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ნატო-ში. ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით. ჩვენ გვსურს ბატონ პუტინს გავაგებინოთ, რომ ნატო-ში საქართველოს მიღება მას არ ეხება, ეს არის ქართველი ხალხისა და ნატო-ს პარტნიორების გადასაწყვეტი, - ამის შესახებ სენატორმა ბენ კარდინმა აშშ-ის კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გამართული მოსმენისას განაცხადა.

სენატორის შეფასებით 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრა ემსახურებოდა რუსეთის ფედერაციის მიზანს ხელი შეშლოდა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში. ბენ კარდინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებები მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების კომპრომეტირებისკენ.

სენატორმა ბენ კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა 2017 წელს აშშ-ის სენატში მიღებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას, ასევე აშშ-ის სენატში მიღებულ ნატო-ს მხარდამჭერ რეზოლუციას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე