„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას კინოინდუსტრიისა და სასტუმროების წახალისების კომპონენტები დაემატა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 03.12.2015
ნანახია: 1440

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ორ ახალი მიმართულება დაემატა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პროგრამას დაემატება  ძალიან მნიშვნელოვანი ორი კომპონენტი - ეს არის კინოინდუსტრიის წახალისებისა და სასტუმროების წახალისების კომპონენტები. „სასტუმროების მიმართულებით ორ ძირითად ნაწილში მოვახდენთ წახალისებას, ხოლო კინოინდუსტრიის ნაწილში კვალიფიციური ხარჯების 20% იქნება ანაზღაურებული“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, სასტუმროების კომპონენტის ფარგლებში  სახელმწიფოს მხრიდან მოხდება მეწარმე-სუბიექტისთვის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების Franchising-ის (royalty fee) გადასახადის სუბსიდირება პირველი ორი წლის განმავლობაში.

 „სუბსიდირების ოდენობა იქნება არაუმეტეს 300 ათასი ლარისა და ასევე მოვახდენთ კომერციული ბანკებიდან აღებული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. აქაც გვაქვს დაწესებული გარკვეული ზღვრები  - 5 მილიონი ლარი  შეიძლება იყოს სესხის მაქსიმალური ზღვრული თანხა საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში, ხოლო მილიონი ლარი -  არაბრენდირებული სასტუმროს შემთხვევაში. პროცენტის დაფინანსება მოხდება 24 თვის განმავლობაში. ასევე იქნება თანაუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც იქნება სესხის 50%“ - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტებით, კინოინდუსტრიის ნაწილში სახელმწიფო მოახდენს კვალიფიციური ხარჯების 20% ანაზღაურებას.

„კვალიფიციურ ხარჯებში იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების პროცესში აპარატურის, გარდერობის და კოსტუმების, პავილიონების,  სახელოსნოების, დარბაზების, სხვა საჭირო ინვენტარის დაქირავება და ა.შ.  ხარჯების ანაზღაურება მოხდება მას მერე, რაც აღნიშნული კვალიფიციური ხარჯები დადასტურებული იქნება  ექსპერტ აუდიტორიის მიერ, ხოლო თვითონ კვალიფიციური ხარჯების ჩამონათვალი დადგენილებას თან ახლავს. მინდა მოგახსენოთ, რომ კინოინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ქმნის 10 ათასობით სამუშაო ადგილს. რეალურად ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ-ერთი შესაძლებლობა. იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ საქართველოში გვქონდა და გვაქვს, ვფიქრობ პროგრამის ეს მიმართულება მნიშვნელოვნად გაახალისებს და განაახლებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უნდა შევქმნათ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე