ჩემთვის კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რომ პუტინთან შეხვედრაზე ტრამპმა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე დააყენა საკითხი - ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 16:32 | 17.07.2018
ნანახია: 993

ჩემთვის პირადად კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე დააყენა საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ათი წლის განმავლობაში ნატო-ს სამიტებზე გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ დიდი სპილო ოთახში არ არის, მაგრამ ყველა ხედავს.

მისივე თქმით, პუტინის განცხადებაში სიახლე არაფერია, პუტინმა მუქარები დაიწყო დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე და დღემდე აგრძელებს.

„მთავარი, ჩემი აზრით, რაც მისი განცხადებიდან შეგვიძლია წავიკითხოთ, ალბათ ის არის, რომ განცხადება პუტინს შემთხვევით არ გაუკეთებია ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ. ჩემთვის პირადად კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე დააყენა საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა. პუტინის განცხადებაში დავინახე ეს შესაძლებლობა, დავინახე პუტინის მიერ საჯაროდ ნათქვამი უარი ტრამპის სავარაუდო შეთავაზებაზე, მოთხოვნაზე, თუ პირდაპირ დაყენებულ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, ამ თემაზე არ გვისაუბრიაო. ამ მომენტისთვის ყველაზე პოზიტიური, რაც ჰელსინკის შეხვედრიდან დავინახე, სწორედ ეს არის – პრეზიდენტი ტრამპი, ყველა სხვა საკითხთან ერთად, იყო უკრაინისა და საქართველოს ლობოსტი ამ შეხვედრაზე“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე