შრომის უსაფრთხოება დაცული რომ იყოს, უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკური საშუალებები და მოქმედების პროტოკოლები - სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 14:57 | 16.07.2018
ნანახია: 704

მინდელის შახტში შრომის ინსპექტორები უკვე ჩავიდნენ და პირველადი მოკვლევის შედეგები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოება დაცული რომ იყოს, უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკური საშუალებები და მოქმედების პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ესა თუ ის სამუშაო.

„მინდელის შახტში წინა უბედური შემთხვევის დროს, ჩვენ შევისწავლეთ და გამოკვეთილი იყო ისეთი სურათი, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა და უსაფრთხოების სამართავი პროტოკოლები არსებობდა. მენეჯმენტს უნდა უზრუნველეყო, რომ ყველაფერი ყოფილიყო დაცული, რაიმე მნიშვნელოვანი დამატება და საჭიროება არ იკვეთებოდა. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, შრომის ინსპექტორები უკვე ჩავიდნენ შახტში და ზუსტად გვეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები. ჩვენ რომ ვთქვათ, შრომის უსაფრთხოება დაცულია, უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკური საშუალებები და მოქმედების პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ესა თუ ის სამუშაო. ბოლო მოკვლევის დროს ადგილზე იყო როგორც აღჭურვილობა, ასევე ტექნიკური საშუალებები და ასევე პროტოკოლები. ყველაზე მთავარია, რომ ეს ყველაფერი იყოს სწორად დაცული და გამოყენებული. მოკლე ხანში მეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე