სახელმწიფო სერვისები შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება

საქართველო, თბილისი - 11:50 | 03.12.2015
ნანახია: 1606

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ  პროექტს იწყებს. პროექტი  „თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის“ სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

პროექტის განხორციელების შედეგად უსინათლო და მცირემხედველობის მქონე პირებისთვის საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ყველა სახის წერილობითი დოკუმენტი, მოთხოვნის შემთხვევაში ბრაილის შრიფტით გაიცემა. ამას გარდა გათვალისწინებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდის ხელმისაწვდომობა  შესაბამისი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით, რითაც მხედველობის პრობლემის მქონე  პირები ელექტრონული სერვისების მიღებას და ინფორმაციის გაცნობას მარტივად შეძლებენ.

„უკვე წლებია სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა დასაქმებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით აქტიურად მუშაობს. ჩვენთვის ეს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილია.  ამჯერად გადავწყვიტეთ ყურადღება  საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე გაგვეკეთებინა. პროექტის განხორციელებით ჩვენ შევასრულებთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით დაცულ პრინციპს „გონივრულ მისადაგებაზე“, რაც გულისხმობს მოთხოვნას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლის მიხედვით სახელმწიფოებმა დაყოვნებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე უნდა უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის შშმპ-ისთვის  მიწოდება მათთვის გასაგები ფორმით და სხვადასხვა სახის შესაძლებლობის შეზღუდვაზე მორგებული ტექნოლოგიების გამოყენებით“ - აღნიშნავს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იქნება პირველი ადმინისტრაციული ორგანო არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელიც ამ მიმართულეთ იმუშავებს.

ბრაილის შრიფტით დოკუმენტების გაცემა 2016 წლის მარტიდან თბილისის იუსტიციის სახლში დაიწყება,  წლის ბოლომდე  კი ამ სერვისით სარგებლობა  ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში იქნება  შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე