ჩვენ არ შეგვიქმნია ცრუ მოლოდინები, რომ სამოქმედო გეგმის გარეშე ნატოში გაწევრიანებაზე იქნებოდა საუბარი - ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 13.07.2018
ნანახია: 673

2008 წლიდან დაწყებული დღემდე, არ ყოფილა არცერთი ნატო-ს სამიტი, სადაც არ ყოფილიყო დებულება გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ჩვენ არსად არ გვითქვამს, არ შეგვიქმნია ცრუ მოლოდინები, რომ საქართველო მიიღებდა დოკუმენტს, სადაც საუბარი იქნებოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ნატო-ში ინტეგრაციაზე. ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენლის განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც ეს მაღალი მოლოდინები იყო შექმნილი ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დისაპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაფასა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრუსელის სამიტის დასკვნით დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს მიმართ ალიანსის მიერ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს და დაეხმაროს ალიანსში გასაწევრიანებლად: 

„ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაციულ პროცესთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო. ხელახლა არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა MAP-ი არის მოხსენებული, როგორც მისი შემადგენელი ინტეგრაციული ელემენტი. განსხავებით წინა სამიტებისგან, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზეც იყო საუბარი და რომელიც პირველად გაჩნდა უელსის სამიტის დროს, არის ცალკე გაშიფრული. საუბარი არის ნატო -საქართველოს არსებით პაკეტზე, ნატო-საქართველოს კომისიაზე, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, ანუ ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტზე რაც საქართველოს გააჩნია გაწევრიანების გზაზე სამოქმედო გეგმასთან ერთად. პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი ხდება სამოქმედო გეგმა, რომელიც დადგება გაწევრიანებასთან ერთად", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე