ხადას ხეობაში მაშველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 09.07.2018
ნანახია: 989

ხადას ხეობაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს. 

როგორც ადგილობრივებმა „მთის ამბებს“ განუცხადეს, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. მათივე ინფორმაციით, 19 წლის მწყემსი, გვარად კობაური, რომელიც ადგილობრივი არ არის, დაკავებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა.

უწყების ცნობით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

მოგვიანებით, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს.

კიდევ ერთი ტურისტის, კაცის ცხედარი კი ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მათივე ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, არც ერთ დაღუპულს ძალადობის ნიშნები არ აქვს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე