თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 05.07.2018
ნანახია: 760

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი 45 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მამაკაცმა სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი შეისუნთქა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე სითხის დაქცევაზე ერთი პირი დააკავა. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი", - ნათქვამია სუსი-ს განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე