მ.კ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციის გამო მდინარაძე კახიძეს დაუპირისპირდა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 02.07.2018
ნანახია: 712

„როგორც ჩანს, თქვენ მთლიანად იზიარებთ პროკურატურის პოზიციას და მ.კ.-ს ჩვენებას, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა,“ - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, კომისიის მდივანს ოთარ კახიძეს მას შემდეგ, რაც კახიძემ კომისიას „ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია გააცნო.

„ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია ჩხუბში მონაწილე პირის - მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.

ამ რეკომენდაციას კი მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კომისიას ჯერ არ დაუკითხავს ჩხუბში მონაწილე პირები და აღნიშნული დასკვნის გაკეთება ტენდენციურობის ნიშნებს აჩენს.

„როდესაც კომისია შეიქმნა, კითხვები გვაწუხებდა, მაგალითად, ზაზა სარალიძის დასმულ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რომ მ.კ-ს ეჭირა დანა, ეს არ არის გამოძიებული, მას ხელს აფარებდა ვიღაც ამ საშინელებაში. დღეს ირკვევა თქვენი პოზიციით, რომ თქვენ ეთანხმებით პროკურატურის პოზიციას და მ.კ-ს პოზიციას და მ.კ-ს მიერ მოქაჩვა თუ დარტყმა უნდა დაკვალიფიცირდეს მკვლელობაში თანამონაწილეობად.

„ჩვენ გვაინტერესებს ზაზა სარალიძის ეჭვი რეალურია თუ არა და ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. ხოლო ის ვერსია რაც თქვენ გაქვთ, ნიშნავს, რომ პროკურატურის ვერსიას ემხრობით. ეს არის იურიდიული ნონსენი და პოლიტიკური ინტერესი გაქვთ ტენდენციურობის,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თუმცა, ოთარ კახიძე ცალსახად აცხადებს, რომ პროკურატურის ვერსიას არ იზიარებს, თუმცა, მათი ვერსიითაც კი, მ.კ. არის დანაშაულში მონაწილე პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე