შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 12:01 | 02.07.2018
ნანახია: 717

რეკომენდაციის არსი არის, რომ ამ კონკრეტულ თემაზე შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ დეკემბერს, გარდა ორი მოკლული მოზარდისა, დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი – გ.მ. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია შსს-ს და პროკურატურას ჰქონდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

„საქმის მასალების გაცნობის შედეგად კარგად ვნახეთ, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს გარდა ორი მოკლული მოზარდისა, ასევე დაზიანდა ერთი მოზარდი გ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო შსს-თვის, პროკურატურისთვის უკვე 1-ელ და 2 დეკემბერს, როგორც თავად გ.მ-ს, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებიდან, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო, ცალკე გამოძიება დაწყებული არ არის. ამ მიმართულებით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩემი ღრმა რწმენით, ჩატარებული არ არის ისევე, როგორც ცალკე არ არის გამოყოფილი საქმე ამ კონკრეტულ თემაზე. ჩვენ საქმის მასალებიდან ვხედავთ, რომ არის სხვა საქმეები, მაგრამ ეხება კონკრეტულ სხვა დანაშაულებს. კერძოდ, ეხება დაფარვას, არ შეტყობინებას, მაგრამ არა ჯანმრთელობის დაზიანებას, რაც ნამდვილად იკვეთება გ.მ-ს შემთხვევაში. ამიტომ, რეკომენდაციის არსი არის, რომ ამ კონკრეტულ თემაზე შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე