პოლონური მხარე აჭარას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და საინვესტიციო პრომოუშენის სტრატეგიის შექმნაში დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 17:54 | 02.12.2015
ნანახია: 1706

პოლონური მხარე აჭარას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და საინვესტიციო პრომოუშენის სტრატეგიის შექმნაში დაეხმარება. პოლონური მხარე მონაწილეობას მიიღებს რეგიონის ასევე ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების კვლევის პროცესშიც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ. კრაკოვში, მალოპოლსკას რეგიონში იმყოფებოდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რამაზ ბოლქვაძემ შეხვედრები მალოპოლსკას მარშალ გრეგორ ლიპიეცთან, მალოპოლსკას რეგონული განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარესთან გრეგორ ბიედრონთან, მალოპოლსკას რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან იოანა ურბანოვიჩთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართა.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ქ.კრაკოვში, პოლონეთის დელეგაციის ბათუმში ყოფნისას საპასუხო ვიზიტის ფორმატში დაიგეგმა.
ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ეკონომიკური ობსერვატორიის განვითარების გეგმა და აჭარის რეგიონის საინვესტიციო პროექტები წარადგინეს.
აჭარისა და მალოპოლსკის რეგიონებს შორის თანამშრომლობა ორი წლის წინ დაიწყო. პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული “Polish Aid 2014” პროგრამის ფარგლებში, მალოპოლსკის რეგიონული განვითარების ობსერვატორიის მიერ, აჭარის ეკონომიკური ობსერვატორიის პროექტი ხორციელდება. მეწარმეობისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერის პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტების ზრდაში.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების თანახმად მალოპოლსკასა და აჭარის რეგიონს შორის თანამშრომლობის პროცესი ახალ ფაზაში გადავა. უკვე ცნობილია, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება ეკონომიკური ობსერვატორიის ფარგლებშიც - აჭარის ეკონომიკური ობსერვატორიის თანამშრომლები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსებს პოლონეთში გაივლიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე