ესპანეთში "ქართული მაფიის წევრები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:07 | 29.06.2018
ნანახია: 1192

ესპანეთში 40 სახლის გაქურდვაში ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, სულ დაპატიმრებულია სამი ადამიანი. ისინი სარაგოსაში ათეულობით სახლის გაქურდვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ესპანეთში ისრაელელი სტუდენტების საბუთებით ჩავიდნენ და რამდენიმე კვირის განმავლობაში 40-ზე მეტ სახლში შევიდნენ. ისინი კარგად იყვნენ ორგანიზებულები და დანაშაულს წინასწარ გეგმავდნენ. ისინი სახლებში იმ დროს შედიოდნენ, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა. 

ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, რომლებიც კონსერვის თუნუქის ქილებში ინახებოდა, ასევე 9 000 ევრო ნაღდი ფული და კარის საკეტის გასატეხი ხელნაკეთი საშუალებები.

სარაგოსას პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები „ქართული მაფიის“ წევრები არიან, რომლებიც „კანონიერ ქურდებს“ ემორჩილებიან და მოპარული ნივთების გაყიდვიდან მიღებულ თანხას კრიმინალური სინდიკატის სხვა წევრებსაც უნაწილებენ. სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ქურდობა და დოკუმენტების გაყალბება ედებათ.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე