სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 28.06.2018
ნანახია: 1016

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა.

გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მას ასევე 2 წლით და 3 თვით სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

საქმე ეხება დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემას, რომელიც 2005 წელს მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად. მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი. კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე