ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავთან დაკავშირებით პუტინი, მადურო და ასადი მიიწვიეს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 22.06.2018
ნანახია: 1528

რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარების" 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, ოკუპირებულ ცხინვალში მიწვეულნი არიან რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუასა და სირიის ლიდერები. 

გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე ელიან აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ჰაჯიმბას, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, ასევე თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ლიდერებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში პუტინის გარდა პრემიერ მინისტრ დიმიტრი მედვედევისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ნახვაც სურთ. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ფიქტიურად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კერძოდ - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიერ საზღვრებს - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ ღონისძიება დაგეგმილია 26 აგვისტოს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს "აღიარა". მოგვიანებით, მის მაგალითს მიბაძა მხოლოდ სამმა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.  მხოლოდ 10 წლის შემდეგ მათ რიცხვს შეუერთდა სირია: დამასკომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს "აღიარა".

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე