ხორავას ქუჩაზე ყველას ჰქონდა იარაღი, ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც დაჭრილიყო - სარალიძე

საქართველო, თბილისი - 11:31 | 22.06.2018
ნანახია: 1407

მკვლელობის პირველივე დღეს, ბავშვებმა პირდაპირ დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომელთაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს თუ რა იარაღიც აღმართეს, ესენია გ.ჯ, მ.კ და მღვდლის შვილი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პიროვნებების შესახებ ინფორმაცია კონფლიქტში მონაწილე ბავშვებმა მიაწოდეს. მისი ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის ტუალეტიდან დაიწყო. ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რაც ამ ინციდენტთან დაკავშირებით მას კონფლიქტში მონაწილე ბავშვებმა უთხრეს.

„ინციდენტი დაიწყო სკოლის ტუალეტიდან. როგორც ვიცი, ჩემი შვილის მეგობრებმა შეაშინეს თუ რა უქნეს, არავინ ვიცით სრული ისტორია, არც ერთი მხარე არ ყვება სრულ ისტორიას, არც ის მეცხრეკლასელი ბავშვები და არც ჩემი შვილის მეგობრები. ზოგადად, ისტორია ის არის, რომ პისტოლეტით შეაშინეს, იუკადრისა მეორე მხარემ,  რომელმაც დასახმარებლად დაუძახა დეიდაშვილს, იმან თავის მეგობრებს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ აქ რა კითხვაც დამებადა და რასაც პასუხი ვერ გავეცი, არის ის, რომ როცა ა.ს-მ დაურეკა მ.კ-ს, არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა მას, რის საფუძველზე უნდა მოსულიყო მ.კ და მისი მეგობრები, თუნდაც რა უძღოდა წინ ამ საქმეს, არავინ არ იცის, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

ვფიქრობ, ა.ს-ს ძალიან არარეალური ინფორმაცია აქვს მიწოდებული მ.კ-სთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, ხორავას ქუჩაზე ყველა მოსულს ჰქონდა იარაღი მაშინ როცა, პატარა ბავშვები არ დადიან იარაღით გარჩევაზე, მითუმეტეს სკოლის პერიოდში. ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც უნდა დაჭრილიყო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, კონფლიქტის რაღაც ეტაპზე მხარეების შერიგებაზეც იყო საუბარი, რა დროსაც, მის შვილსა და გ.ჯ-ს შორის ვითარება დაიძაბა.

„ზოგი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. რატომ შეაგინა, ვიცი, ამასაც ვიტყვი. გ.ჯ-მ ხელი აუქნია დათოს, არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით აუქნია და მოხვდა რასაც, ალბათ, იუკადრისებდა. პატარა ბავშვებს ხომ არ გააჩნიათ უკან დახევის უნარი. რატომ აუქნია ხელი და რა მოხდა, ამას არავინ ამბობს, ფაქტია, დაიძაბა სიტუაცია ჩემს შვილსა და გ.ჯ- ს შორის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, ის მკვლელობის დღეს ესაუბრა თავის შვილის ორ მეგობარს დ.ნ-სადა დ.ღ-ს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

„ვიცოდი, რომ ეს ბავშვები რაღაცას იტყუებოდნენ, მკვლელობის ნაწილში საერთოდ არეულები იყვნენ და არაფერს ლაპარაკობდნენ. ფაქტია, მკვლელობის ნაწილს მალავდნენ თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე