პროფესორი რამაზ ქაცარავა ინოვაციებისა და მაღალი ტენოლოგიების სფეროში მიღწევებისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

საქართველო, თბილისი - 15:28 | 18.06.2018
ნანახია: 1343

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ინოვაციებისა და მაღალი ტენოლოგიების სფეროში მიღწევებისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ქაცარავა საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

პროფესორი რამაზ ქაცარავა არის 400-ზე მეტი სამეცნიერო შრომის (მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნებულია წამყვან უცხოურ ჟურნალებში), 60 გამოგონების (30 ყოფილ საბჭოთა კავშირში, 11 საქართველოს პატენტი, 9 აშშ პატენტი, 10 საპატენტო PCT განაცხადი) ავტორი.

თანამშრომლებთან ერთად მიღებული აქვს 65 ეროვნული თუ საერთაშორისო გრანტი.

ციტირების ინდექსით (2257) და h-ინდექსით (23) (06.06.2018 წლის მონაცემებით) ქაცარავა ერთ-ერთი პირველია საქართველოში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა შორის. არის მრავალი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრი, სამეცნიერო მიღწევებისთვის პროფ. ქაცარავა   დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და, როგორც წარჩინებული გამომგონებელი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედლით.

პროფესორ რამაზ ქაცარავას მიერ პირველადაა სინთეზირებული ახალი, სამედიცინო დანიშნულების, ბიოდეგრადირებადი პოლიმერები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე (ე.წ. ფსევდოპროტეინები). ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ (უცხოეთში გაყიდულია სამი ტექნოლოგია), აჩვენა, რომ ფსევდოპროტეინები ხასიათდება მაღალი ბიოშეთავსებადობით და პერსპექტული მასალებია სისხლძარღვთა სტენტების რესტენოზის საწინააღმდეგო საფარის, განწოვადი ქირურგიული იმპლანტების, ხელოვნური კანის, პროლონგირებული მოქმედების წამლების, წამლების კონტროლირებადი და დამიზნული მიწოდების სისტემებისა და სხვ. სახით. ფსევდოპროტეინებისა და მათ საფუძველზე მიღებული მასალების კომერციული პოტენციალი უდიდესია. პროფ. რ.ქაცარავას მიერ მიღებული პოლიმერული მასალები ინერგება აშშ-ში, ჰოლანდიაში, კანადაში, ჩინეთში. საქართველოში უკვე დანერგილია 4 პრეპარატი – კოლადერმი, მიკოდერმი, ფაგობიოდერმი და მედიგელი.

პროფესორ რამაზ ქაცარავას ხელმძღვანელობით მომზადებულია 32 მეცნიერებათა კანდიდატი და აკადემიური დოქტორი და 30 მაგისტრი.

 

აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო კონტაქტი მსოფლიოს რიგ წამყვან მეცნიერებთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე