უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან - გიორგი კახიანი

საქართველო, თბილისი - 14:56 | 18.06.2018
ნანახია: 755

უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ ფორმალურად ამ სამინისტროების მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილი ახალ შემადგენლობაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება. 

მისივე თქმით, ვადების თვალსაზრისით, შეუძლებელია ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ ამჟამად მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება მოხდება.

„სამინისტროების რესტრუქტურიზაციაში ცვლილებებს კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება, რაც ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია. ამავდროულად, მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს წარდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით მთავრობის ფორმირება, ამჟამად მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ მინისტრის მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი სამინისტროები. პროცედურულად ხვალვე, 11:00 საათზე დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, სურვილის მიხედვით იქნება შეხვედრები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება.

მთავრობის შემადგენლობაში14 წევრია, ამ ფორმით მოხდება ნდობის გამოცხადება ახალი მთავრობისთვის. უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ ფორმალურად ამ სამინისტროების მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილი ახალ შემადგენლობაში. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კი, თავიდან მოხდება ახალი შემადგენლობის წარდგენა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე