ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა უსამართლო სისტემის დანგრევის აუცილებლობა - ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 17:50 | 11.06.2018
ნანახია: 743

სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია გამოხატვის და პროტესტის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს რუსთაველის გამზირზე გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ბაქარაძის განცხადებით, ქუჩის ფეხით სავალ ნაწილზე განლაგებული კარვების აღება ვერანაირად ვერ გამართლდება წესრიგის დამყარების მოტივით და შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ძალის ჩვენებით და ამ გზით სამართლიანი საპროტესტო მუხტის ჩახშობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს ზაზა სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.

"ევროპული საქართველო" კატეგორიულად გმობს პარლამენტის წევრის უკანონო დაკავებას პარლამენტის ნებართვის გარეშე.

"როგორც უმცირესობის ლიდერი მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვ დაუყონებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ნიკა მელიას უსწრაფესად გასათავისუფლებლად. ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა ძირეული ცვლილებების და უსამართლო სისტემის დანგრევის აუცილებლობა, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც საპარლამენტო უმცირესობა ყველაფერს გავაკებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს და უსამართლო სისტემა დაინგრეს", - აღნიშნავს ბაქრაძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე