„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს დეპუტატის დაკავებასთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომა შეკრიბოს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 11.06.2018
ნანახია: 761

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეკრიბოს ბიუროს სხდომა, რათა დეპუტატის დაკავებაზე იმსჯელონ. 
„დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი და მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, დაუყოვნებლივ შეკრიბოს პარლამენტის ბიურო, რათა ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა. გადადგეს დაუყოვნებლივ გახარია, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანებმაც დაარღვიეს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი. ივანიშვილის მთავრობა ამ ქვეყნის მართვის კონსტიტუციური ველიდან გავიდა, რაზეც ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ხვალ პარლამენტში მოწვეული არიან დიპლომატები და მათ ჩვენ ვაცნობებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
 ის ოპოზიციურ პარტიებს დღეს, 18:00 საათზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“დღეს ჩვენ ვგეგმავდით აქციაზე მისვლას 18:00 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის მხარადსაჭერად, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ამისთვის უნდა მივიდეთ. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შემოგვიერთდით პარლამენტთან, რათა ჩვენ ერთად უზრუნველვყოთ ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება ჰქონდეს ყველა ადამიანს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის განცხადებით, პარტია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასაც ითხოვს.

შეგახსენებთ, დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. გავრცელებული ცნობით,  დაკავებულთა შორის არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე