თუ მხოლოდ მირზა სუბელიანის დაკავებით ფიქრობენ ჩემს გაჩერებას, ძალიან შემცდარან - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 17:09 | 09.06.2018
ნანახია: 2568

„მივესალმები, რომ პირველი ნაბიჯი გადადგეს და სუბელიანი დააკავეს, მაგრამ მხოლოდ მირზა სუბელიანთან არ მქონია პრეტენზია, მათ ძალიან ბევრი ადამიანი დავუსახელე, რომელთა დაკავებაც შეუძლიათ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

როგორც ის განმარტავს, სუბელიანის გარდა, სხვა პირებიც უნდა დააკავონ, მათ შორის, საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე.

„საქმის პროკურორი ფხაკაძეც დასაკავებელია, არასრულწლოვნების კოდექსი დაარღვია, როცა პირდაპირ გააცხადა არასრულწლოვნის სახელი და გვარი, ის ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს სასამართლო პროცესზე თითს უქნევდა, აუცილებლად დაგიჭერო.

ასევე, მიხეილ კალანდიას დაკავების სრული საფუძველი აქვთ ცრუ ჩვენების მიცემის გამო. ვიღაც მორჩაძე დააკავეს, ამით ცდილობენ „გააპრავონ“, რომ თითქოს, კალანდიაზე ზეწოლას ახდენდნენ და ზეწოლის ქვეშ მისცა ჩვენება. ამ საკენკს ვის უყრიან, ვეღარ ვხვდები.  

თუ მხოლოდ მირზა სუბელიანის დაკავებით ფიქრობენ ჩემს გაჩერებას, ძალიან შემცდარან!“, - აცხადებს სარალიძე.

მისი განმარტებით, პარლამენტის შენობის წინ დაანონსებული აქცია ძალაში რჩება. 

ცნობისთვის, დღეს შსს-მ ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავა. მას სარალიძე მთელი 6 თვის განმავლობაში სდებდა ბრალს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამნაშავეებს მფარველობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე