მირზა სუბელიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 09.06.2018
ნანახია: 957

ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, საქმეში გამოიკვეთა ახალი გარემოებები. სუბელიანი დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავეს. 

სუბელიანი შსს-ში აღნიშნული მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დღეს მესამედ გამოიკითხა. ის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის მამაა.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალედბულ ორ არასრულწლოვანს, გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით, გ.ჯ.-ს კი, 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია.

მოკლულ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს მკვლელობაში მონაწილე პირების მფარველობაში ადანაშაულებს. სარალიძე სუბელიანის და სხვა დამნაშავე პირების დაკავების მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ აქციებს მართავდა.

მტავარი პროკურორის, ირაკლი შოტაძის გადადგომის შემდეგ, საქმე გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.

აღნიშნულის პარალელურად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე