ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

საქართველო, თბილისი - 10:45 | 09.06.2018
ნანახია: 1042

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

„არ ვიცი, რა ბრალდებით ვარ დაკავებული, გამოვალ და მერე გეტყვით. ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ. მართლა არაფერი ვიცი. სიმართლე არ მგონია, რომ დაიკარგოს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მერაბ მორჩაძემ შსს-ს შენობაში შეყვანისას განუცხადა.

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე გუშინ დააკავა.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლი მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე