არასდროს გვინახვს, რომ დათოს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ან ვინმე დაეჩაგრა - 51-ე სკოლის დირექტორი

საქართველო, თბილისი - 15:38 | 08.06.2018
ნანახია: 2042

ამხელა სკოლაში ვერ მოძებნით ვერც მასწავლებელს და ვერც მოსწავლეს, რომელიც გეტყვით, რომ დათო მას ჩაგრავდა, ან მისგან ბულინგის მსხვერპლი იყო, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ 51-ე სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ.

დღეს, ჟურნალისტებთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, დათო სარალიძე ბავშვებს ჩაგრავდა. მან ამასთან დაკავშირებით, 51-ე სკოლას პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

დირექტორი წუხს, რომ მსგავსი ტრაგედიის შემდეგ, ასეთ საკითხზე უწევს კომენტარის გაკეთება. როგორც ის აცხადებს, მოკლული დათო სარალიძე ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, თავაზიანი და მეგობრული ბავშვი იყო. ის ვერ იხსენებს ვერცერთ შემთხვევას, როცა მოკულ მოზარდს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა.  

„დათო იყო ძალიან საყვარელი, კეთილი, თავაზიანი, მეგობრული პოზიტიური, ყველა კეთილი საქმის წამომწყები. იმდენად მხიარული ბავშვი იყო, დერეფანში რეპავდა, ბიჭი პოზიტივი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სპორტული შეჯიბრი, რაც კი სკოლაში ყოფილა, დათოს თაოსნობით ყოფილა. ჩვენ ჩავატარეთ 12 სახეობაში ოლიმპიადა და დათო ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ბავშვებს კრებდა. ამხელა სკოლაში ვერ მოძებნით ვერც მასწავლებელს და ვერც მოსწავლეს, რომელიც გეტყვით, რომ დათო მას ჩაგრავდა, ან მისგან ბულინგის მსხვერპლი იყო.  უფროსების ამ განცხადებას, არ ვიცი რა შეფასება უნდა მივცე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამაზე განცხადების და კომენტარის გაკეთება მიწევს.

ჩვენ არასდროს გვინახვს, რომ დათოს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ან ვინმე დაეჩაგრა. დაეჩაგრა კი არა, მისგან ერთჯერადი კონფლიქტიც კი არ მახსენდება და არც არავის ახსენდება სკოლაში. ვის სჭირდება ეს განცხადებები არ ვიცი, იქნებ იმას ჰკითხოთ, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს?“, - დასძენს თურქაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე