ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა თქვენ იმყოფებით სასამართლო დარბაზში და ვერ მოგცემთ ამის უფლებას -მოსამართლე ლადო სადღობელაშვილს

საქართველო, თბილისი - 13:57 | 07.06.2018
ნანახია: 992

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვისას ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, ლოცვის წარმოთქმის უფლება მიეცა.

საპასუხოდ, მოსამართლემ სადღობელაშვილს განუმარტა, რომ სასამართლო დარბაზში ლოცვის წარმოთქმის უფლებას ვერ მისცემდა.

„ბატონო ლადო, ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ იმყოფებით სასამართლო დარბაზში და ვერ მოგცემთ უფლებას, თქვათ ლოცვა დარბაზში“, – აღნიშნა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა, თუმცა მათგან ერთს გამოძიება დამატებით ცემას, ერთს კი სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

ცნობისთვის, „ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით 21 მარტს დააკავეს. „რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე