ხვალიდან შესაძლოა მეტროპოლიტენის მუშაობა აღდგეს

საქართველო, თბილისი - 17:57 | 05.06.2018
ნანახია: 724

თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაგვეზრდება, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეტროს გაფიცულმა მემანქანემ, ზაზა ბარბაქაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგა, მეტროს მუშაობა ხვალ დილით 08:00 საათიდან განახლდება.

„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო. თუმცა ხალხი ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვს. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო ხვალ დილიდან აუცილებლად ამუშავდება. თუმცა არ მგონია, 06:00 საათიდან, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება სჭირდებათ.

ამის თაობაზე ყველა მემანქანე არ არის ინფორმირებული, რადგან ზოგი ამ წუთში აქ არის, ზოგი მანქანაში ზის. როცა შეთანხმება შედგება, ყველა იქნება ინფორმირებული”, – განაცხადა ბარბაქაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე