მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ, არც ბოდიშს ვთხოვ, არ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 12:06 | 05.06.2018
ნანახია: 871

ლაჩარი კაცების, ვინც ქალს საჯაროდ თუ ფეისბუქზე აგინებს და ერთმანეთს აქეზებს, რომ ხელი გაარტყას, მე არ მეშინია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 3 ივნისს, ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტს.

როგორც ლომჯარია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ის მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გაიმეტებს და მათგან ბოდიშს არც ითხოვს. 

"ლაჩარი კაცების, ვინც ქალს საჯაროდ თუ "ფეისბუქზე" აგინებს და ერთმანეთს აქეზებს, რომ ხელი გაარტყას, მე არ მეშინია. მათ ვეტყოდი, რომ მათი პატიმრობის სურვილი და არც მოთხოვნა მე არ მაქვს, მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ. არც ბოდიშს ვთხოვ, არ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა. დანარჩენი შსს-მ გადაწყვიტოს... მადლობა ყველას, ამ დღეებში გამხნევებისა და თანადგომისთბის!", - წერს ომბუდსმენი.

შეგახსენებთ, ინციდენტი 3 ივნისს, ვაკის პარკში მოხდა. ვაკის პარკში გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა ნინო ლომჯარიაც. მას შემდეგ, რაც სარალიძემ აქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამაში ნინო ლომჯარია დაადანაშაულა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. მოგვიანებით, ტერიტორია ზაზა სარალიძემ და ნინო ლომჯარიამ დატოვეს.

იმავე საღამოს ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა. მეორე დღეს, ამავე ბრალდებით შსს-მ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე