კახა კალაძე: მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 04.06.2018
ნანახია: 1379

მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე და კანონზე მაღლა და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზარალოს დედაქალაქი და მოსახლეობა, – ამის შესახებ თბილსის მერმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონ ნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო.

ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.

მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ყოველი მათგანის შრომა არის საპასუხისმგებლო და დასაფასებელი. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში, მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე“, - განაცხადა კალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე