ბრალდების მხარე ცდილობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დაადასტუროს განზრახ მკვლელობა, რაც აბსურდია - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 15:23 | 30.05.2018
ნანახია: 1019

თურმე, ორ წამში, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეძლო ორი პირის მკვლელობა - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძე. 

მისი განმარტებით, სახელმწიფო ბრალდება მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ორი პირის სასტიკ მკვლელობის 2 წამში ჩადენას ედავება, რაც მისი განმარტებით აბსურდულია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალი აქვს წარდგენილი. ერთი პირის ნაწილში ედავებიან, რომ 10 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ერთ წამში, ხოლო, მეორეს ნაწილში ედავებიან, რომ ორივე ჭრილობა, ერთი მძიმე და ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს დაახლოებით, ორ წამში ხდებოდა. ორ წამში, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეძლო თურმე, ორი პირის მკვლელობა. ეს აბსურდია! ის არანაირ ბრალს არ აღიარებს. სასამართლოს წინაშე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვ", - აცხადებს შარაშენიძე.

ის ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

"სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა უნდა წარვადგინო. ყველა იმ მტკიცებულების გაბათილებას ვგეგმავ,რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. 

ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა თავისი წარმოდგენილი დასკვნებით ის ბრალი, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან. მეორედ როცა დააკავეს მას დავით სარალიძის მკვლელობას, ხოლო ახლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან მძიმე დანაშაულს აბრალებენ. აქ მოწმეთა ჩვენებები არ არის მთავარი, ეს არის მკვლელობის საქმე, შესაბამისად დასკვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბრალდების მხარე ცდილობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დაადასტუროს განზრახ მკვლელობა, რაც აბსურდია. თუ სასმართლო იტყვის, რომ მაია ნიკოლეიშვილის და ომარ ჯოხაძის დასკვნებს არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში იძულებული გახდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაიზიაროს. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ გამოცხადდება. 

მოწმეები გამოძიებას ცრუ ჩვენებას იმიტომ აძლევენ, რომ რამდენიმე ასაკიდან გამომდინარე ცდილობს მას სხვა სახელი არ დაერქვას, ხოლო რამდენიმე კიდევ თავის თავის გადასარჩენად აძლევს ცრუ ჩვენებას. ასეთი ოთხი გვყავს საქმეში, ზუსტად ეს პირები, რომლებიც თავის თავს უფრთხილდებიან, ისინი აძლევენ ჩვენებას სხვა პირების წინააღმდეგ", - განაცხადა შარაშენიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე