გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს -ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი

საქართველო, თბილისი - 12:24 | 30.05.2018
ნანახია: 1329

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. 

როგორც ჟურნალისტებთან საქმის პროკურორი, მარიკა გოგოხია აცხადებს, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"გუშინ ბრალდების მხარემ წარვადგინეთ დასკვნითი სიტყვა არასრულწლოვანთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. გუშინ დაიწყო დაცვის მხარემაც დასკვნითი სიტყვის წარმოდგენა, თუმცა, ვერ დაასრულა სამუშაო საათების ამოწურვის გამო. დღეს დაცვის მხარე სავარაუდოდ, დაასრულებს მის დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მოსამართლე გავა სათათბიროდ და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ჩვენ ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა ანალიზის, ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გვაქვს იმის გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ბრალდების მხარემ ჩვენს დასკვნით სიტყვაში სრულად დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა წარვადგინეთ ორივე ბრალდებულთან მიმართებით, ვინაიდან ჩვენ დავეყრდენით სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ეს იყო მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებები, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, სრულიად დასაბუთებულია", - აცხადებს გოგოხია.

მისი განმარტებით, დაცვის მხარემ ჯერჯერობით ვერ შეძლო ბრალდების მხარის პოზიციის გამაბათილებელიარგუმენტების მოყვანა.

"რაც შეეხება დაცვის პოზიციას ბრალდებასთან მიმართებით, გასაგებია რომ ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. გუშინ დაიწყო დაცვის მხარემ თავის სიტყვის წარმოდგენა და ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან, რამე გამაბათილებელი არგუმენტი ჩვენს ბრალდებებზე", დასძენს პროკურორი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე