დალია გრიბაუსკაიტემ ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი გახსნა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 28.05.2018
ნანახია: 838

ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვიზიტით იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ოფიციალურად გახსნა. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ლიეტუვას პარლამენტის წევრი, პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პაველიონისი, ცენტრის ხელმძღვანელი ვიდას კავალიაუსკასი, სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები.

ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სტუდენტებმა შეასრულეს ლიეტუვას და საქართველოს სახელწიფო ჰიმნები, ასევე, დალია გრიბაუსკაიტეს პატივსაცემად, სპეციალურად ლიეტუვას ენაზე მომზადებული ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო".

ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამიერიდან ლიეტუვა ჩვენს ქვეყანას ლიეტუვას ენაზეც „საქართველოს" უწოდებს. მისი თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური საჩუქარია. პრეზიდენტმა ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ლიეტუვას ენის შესწავლითა და ამ ქვეყნის უნივერსიტეტებში განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი. მისი თქმით, ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო გააღრმავებს მეგობრობას ორ ქვეყანას შორის და თანამშრომლობის კუთხით ახალ პერსპექტივებს ჩაუყრის საფუძველს.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ცენტრს დიდი პერსპექტივა აქვს სამომავლოდ, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

„ჩვენ იმედი გვაქვს, ტექნიკური უნივერსიტეტი, ცენტრის მეშვეობით, არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, მის აღმატებულებას დალია გრიბაუსკაიტეს, ლიეტუვას მთავრობას და საელჩოს საქართველოში, ასევე, საქართველოს საელჩოს ლიეტუვას რესპუბლიკაში იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც ასე იგრძნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში".

ცენტრის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, ვიდას კავალიაუსკასს, ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ლიეტუვას ნაციონალური მუზეუმის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს და სამახსოვრო ჩანაწერები დატოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე