დეკანოზი მამალაძე დონეცკში მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული - ირაკლი მამალაძე

საქართველო, თბილისი - 13:43 | 28.05.2018
ნანახია: 1465

გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა და რომელიც შემჩნეული იყო მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ განაცხადა.

ის პროკურატურასა და საპატრიარქოს მიმართავს და მას აინტერესებს, რატომ გაიქცა ქვეყნიდან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რა უნდოდა პედოფილიაში ბრალდებულ ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში და რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგი მამალაძის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც მისი თქმით, დეკანოზი მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული.

მას ასევე აინტერესებს, რატომ მუშაობდა დეკანოზი მამალაძე ორ საკვანძო თანამდებობაზე - საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოსა და საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული კლინიკის ხელმძღვანელად.

მისი თქმით, ამ ფაქტების გამოძიების შემდგომ საზოგადოებას დეკანოზის პიროვნების შესახებ სრული სურათი შეექმნება.

„გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა და რომელიც შემჩნეული იყო მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში. ამის შემდეგ მას მისცეს მეორე ჯვარი და დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი მას სჭირდებოდა ადამიანების დასახმარებლად და კეთილი საქმისთვის. ამ კითხვებზე ვითხოვ პასუხს. მამა გიორგის კარიერული წინსვლა ამ ინცინდენტის შემდეგ თავბრუდამხვევად მოხდა და ის უცბად გადმოიყვანეს თბილისში, მეორე ჯვარი მისცეს და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვიღაცასთან იყო ვალში და სწორედ ამ ვალის სანაცვლოდ ასრულებდა იმ ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელშიც იქნა მხილებული. გამოიკვლიოს ეს საპატრიარქომ. დეკანოზი ავიწროებდა არასწრულწლოვანს, რომლის მამამაც დაწვა შემდეგ მისი ავტომობილი დონეცკში და ეს ცნობილი ფაქტია. ამის შესახებ საბუთები დევს იმ ეკლესიაში და აქვს უკრაინის საპატრიარქოს“,- აღნიშნავს ირაკლი მამალაძე.

მისივე განცხადებით, ის საპატრიარქოს გიორგი მამალაძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით ოფიციალურადაც მიმართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე