თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60-წლამდე ასაკის მამაკაცი წყალში დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 10:42 | 28.05.2018
ნანახია: 978

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე, სადაც დამეწყრილ მონაკვეთზე მდინარე ალაზანია შეგუბებული, გუშინ ავტომანქანით გადავარდნილი 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მყვინთავებმა 10 მეტრი სიღრმის წყალში ცხედრის სამძებრო სამუშაოები დილით განაახლეს და ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი სამხარაული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

დაღუპული მამაკაცი ერთ-ერთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. 

მძღოლი შეგუბებული წყლის პირზე ალტერნატიული გზის გასაყვანად მანქანიდან ხრეშის დაყრას ცდილობდა, რა დროსაც ნაპირი წყალში ჩაიშალა და მძღოლი მანქანიანად წყალში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე