ალკოჰოლის მოხმარებამ შვიდი სახეობის კიბოს განვითარება შეიძლება გამოიწვიოს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 23.05.2018
ნანახია: 977

მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ალკოჰოლის კიბოსთან კავშირის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსახლეობისთვის ალკოჰოლის კიბოს განვითარების რისკთან პირდაპირი კავშირის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი. განსაკუთრებით, ეს ეხება ევროპის ქვეყნებს, სადაც ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი დონე აღინიშნება.
ჯანმოს მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებამ, სულ მცირე, შვიდი სახეობის კიბოს განვითარება შეიძლება გამოიწვიოს. ესენია: ნაწლავის (მსხვილი ნაწლავი და სწორი ნაწლავი), ძუძუს, საყლაპავის, ხორხის,  ღვიძლის, პირის ღრუსა და  ყელის კიბო.
"ალკოჰოლის ძირითადი კარცენოგენური კომპონენტი ეთანოლია, რომელსაც ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი შეიცავს. ეთანოლით უჯრედების დაზიანება მათი ავთვისებიანად გადაგვარების დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეთანოლი, ასევე, გავლენას ახდენს ქალის ჰორმონებზე, ახდენს უჯრედული პროლიფერაციის სტიმულირებას და ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. თუ ალკოჰოლის გამოყენებასთან ერთად თამბაქოს მოხმარებაც ხდება, ქსოვილების დაზიანების ხარისხი ბევრად უფრო იზრდება, რის გამოც კიბოს განვითარების რისკიც მატულობს ", - აღნიშნავენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები.
ამავე დროს, ჯანმო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს "ქვედა ზღვარი"  სასმელების უსაფრთხო მოხმარებისთვის და ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი რაოდენობა კიბოს განვითარების რისკს ზრდის. რაც უფრო მეტია ალკოჰოლის მოხმარების დონე მით მეტია კიბოს განვითარების რისკი. მაგ., ქალებისთვის დღეში ოთხი ბოკალი ღვინის მოხმარება ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 50%-ით ზრდის, ხოლო რვა ბოკალი ღვინის შემთხვევაში რისკი 130% -ით იზრდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა  მასთან დაკავშირებულ კიბოს განვითარების რისკს ამცირებს, "- ნათქვამია განცხადებაში.
კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ  ალკოჰოლთან დაკავშირებით შესაბამისი "პოლიტური გადაწყვეტილებები" მიიღოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე