თინათინ ხიდაშლი ჰანს ვან ბაალენს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:12 | 01.12.2015
ნანახია: 1646

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. თინათინ ხიდაშელი ევროპის პარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ჰანს ვან ბაალენს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ბაალენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის ხელმძღვანელმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მისი განცხადებით, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი დასაფასებელია.
ბაალენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებზე სამართლიან შეფასებას დაიმსახურებს. თინათინ ხიდაშელმა კი ევროპის პარლამენტში საქართველოს მხარდამჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ლიბერალების პარტიამ სულ ახლახან აირჩია ახალი პრეზიდენტი. ჩვენ შევხვდით როგორც მოქმედ, ისე ყოფილ პრეზიდენტს, გრეჰემ უოტსონს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ სულ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს ევროპარლამენტში. ფაქტი, რომ რესპუბლიკური პარტია ლიბერალ-დემოკრატიული ოჯახის წევრია, ბუნებრივია, მუდმივად გვიბიძგებს იმისკენ, რომ ასეთი შესაძლებლობები ხელიდან არ გავუშვათ და მათ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენი წუხილები, გავაცნოთ ჩვენი პოზიციები, მოვიპოვოთ მათი მხარდაჭერა და გავააქტიუროთ ლიბერალები ევროპის პარლამენტში, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნებში. შეხვედრაზე, ბუნებრივია, ვისაუბრეთ ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობებზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჰანს ვან ბაალენი საქართველოს უკვე ახალი სტატუსით 5 დეკემბერს ესტუმრება და რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე