„თეთრი ხმაურის მოძრაობა" კვირიკაშვილის და გახარიას გადადგომას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 12.05.2018
ნანახია: 709

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრები წუხელ კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.  

„დღეიდან საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით, ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება გვეკუთვნის ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოებას, ხალხს და არა სადღაც სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს, მარიონეტულ რეჟიმებს და სამარცხვინო პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლო პერიოდია, მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ მოახდინონ საღი აზრის დისკრედიტაცია, მოახდინონ იმ ადამიანების დისკრედიტაცია, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ჯანსაღი მომავლისთვის. მათ პირდაპირ ვადანაშაულებ სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ ღალატში. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ მოემზადონ პერმანენტული აქციისთვის. დღევანდელი აქცია არ დამთავრდება დღეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც არავითარ შემთხვევაში აღარ დავტოვებთ პროტესტის ადგილს. 
ჩვენი მოთხოვნებია: პირველი - დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - მმართველ ძალაში, ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, რომ გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს, რადგან ჩვენ ვაყენებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე