რა იწვევს იმპორტირებულ მედიკამენტების ფასებს შორის სხვაობას თურქეთსა და საქართველოში

საქართველო, თბილისი - 17:27 | 11.05.2018
ნანახია: 755

საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა  თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. სპეციალისტების აზრით, ეს საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მოგების მაღალი მარჟითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებს მიდგომა ჯანდაცვის საკითხებისადმი ორი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში.

 საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სამი დიდი კომპანია და რამდენიმე ასეული პატარა აფთიაქი ოპერირებს. წამლის ძირითადი იმპორტიორები სწორედ დიდი კომპანიები არიან, რომლებიც, თავის მხრივ, პატარა აფთიაქებს ამარაგებენ მედიკამენტებით.

სამი დიდი კომპანია, რომლებიც ძირითადად ინაწილებენ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს, არის - "ავერსი ფარმა" პსპ ფარმა" და სს "გეფა", რომელიც "ეისიფი ფამაციას", "ფარმადეპოს" და "ჯიპისის" აერთიანებს.

"ნეტგაზეთი" შეეცადა გაერკვია, რა იწვევს იმპორტირებულ მედიკამენტების ფასებს შორის ასეთ სხვაობას თურქეთსა და საქართველოში და ამისთვის ყველა ზემოთ აღნიშნულ დიდ სააფთიაქო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც შეკითხვების წერილობით გაგზავნა მოითხოვეს, თუმცა კითხვებს პასუხი მხოლოდ PSP-მ გასცა.

"თქვენ მიერ დასმული კითხვების პასუხად შემიძლია გიპასუხოთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილის ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ ხდება. ამასთან, ბევრ მწარმოებელს აქვს თავისი ქარხანა თურქეთში, რაც მათი წარმოებული პრეპარატების ფასს ასევე ამცირებს. თქვენ მიერ მითითებული მედიკამენტების მწარმოებლებთან ხანგრძლივი და არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მოსაწოდებელი ფასების შემცირებაზე,“ – აცხადებენ PSP-ში.

"ქართული კომპანიების განმარტება, რომ ქართულ ბაზარზე წამლის სიძვირე გაყიდვაში არსებული წამლების მაღალი საწარმოო თვითღირებულებითაა გამოწვეული და თურქეთში მათი ფასი უფრო დაბალია, მთლად ობიექტურად არ ასახავს რეალობას“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე თინათინ ტურძილაძე და ამის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ ქართული რეგულაცია მათ აძლევს მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ნებართვის გარეშე, პარალელური იმპორტის გზით, იაფი ბაზრებიდან წამლების შემოტანის შესაძლებლობას. როგორც წესი, ისინი სარგებლობენ ამ შესაძლებლობებით.

 პარალელური იმპორტი საქართველოში 2009 წლიდანაა დაშვებული. ეს ნიშნავს, რომ თუ პრეპარატი რეგისტრირებულია ეროვნული ან აღიარებული რეჟიმით, მაგრამ იგივე მედიკამენტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც დაშვებულია (მაგალითად, ინგლისში ინგლისური შეფუთვით, გერმანიაში გერმანული და ა.შ.), ნებისმიერ აქაურ დაინტერესებულ პირს შეუძლია უკვე რეგისტრირებულს დაამატოს განსხვავებული შეფუთვა და ასე შემოიტანოს პარალელური იმპორტით.

 "დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარზე წამლების სიძვირე ძირითადად ქართველი ჰოლსეილერებისა და დისტრიბუტორების მაღალი მარჟებითაა განპირობებული“, – აცხადებს თინათინ ტურძილაძე, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთთან შედარებით საქართველოში წამლები გაცილებით ძვირია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე