შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის 2 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 11.05.2018
ნანახია: 906

გუშინ დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

გუშინ დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დ.ბ.-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულად თანხას სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.ბ. და გ.ჭ. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით", - განაცხადა ჭელიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე