ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 10.05.2018
ნანახია: 885

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების ინტერნეტის საშუალებით გასაღების ფაქტზე დაკავებულებს, ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ. და ნ.გ. მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელშიც გააქტიურებული იყო საკომუნიკაციო საშუალება „Telegram"-ი, ახორციელებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას. კერძოდ, გ.გ. და ნ.გ. „Telegram"-ის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ, უგზავნიდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს, მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. 

ბოლო ორი თვის მანძილზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გ.გ.-ს და ნ.გ.-სგან კანონით დადგენილი წესით განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა, რაც შემდგომში ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით. 

ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით ედებათ ბრალი. 

დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე